GDI წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც თემატურად განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2022 წელს არსებული მდგომარეობა.
2022 წელს გაგრძელდა კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება და მათზე ზეწოლა, რამაც კიდევ უფრო სისტემური ხასიათი მიიღო. ამ კუთხით განსაკუთრებით საგანგაშოა ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენები, რომლებიც შეფასდა როგორც მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკურად მოტივირებული. ამასთან, 2022 წელს საყურადღებო და მზარდი ტენდენციაა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ დაწყებული ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) დავები. მედია ორგანიზაციების დაუბრკოლებელ საქმიანობას ასევე აფერხებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ხშირად საეჭვოდ შეფასებული გადაწყვეტილებები. კომისიის საქმიანობის ფონზე, პრობლემურია 2022 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს კომისიის მანდატის გაფართოებას, მისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, აგრეთვე კომისიის მიერ ზედამხედველობას პასუხის უფლებასა და სიძულვილის ენაზე.
გასული წლის მსგავსად, კვლავ არ განხორციელებულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, შესაბამისად 2022 წელს გაგრძელდა სამართალდამცავთა მიერ ადმინისტრაციული წესით აქციის მონაწილეთა დაკავებისა და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით მათი დასჯის პრაქტიკა ხელისუფლების კრიტიკის ჩახშობის მიზნით. შეკრების უფლების თვალსაზრისით, ხელისუფლება ასევე არ არსულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას - ეფექტიანად გამოიძიოს ამ უფლების დარღვევა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი სამართალდარღვევები და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.
2022 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუარესდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტი. აღნიშნული განსაკუთრებით საგანგაშოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონო მოსმენა-მიყურადების შესახებ 2021 წელს გავრცელებული ინფორმაციის ფონზე. ე.წ. „მოსმენების“ საქმის გამოძიება კი - არაეფექტიანად მიმდინარეობს.
თანასწორობის კუთხით, 2022 წელს ლგბტქი+ თემი კვლავ ვერ ახერხებს საჯარო სივრცეში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობას სიძულვილის ჯგუფების მხირდან მუქარისა და ხელისუფლების ჰომოფობიური რიტორიკის ფონზე. ლგბტქი+ თემის წინაშე არსებულ ამ და სხვა გამოწვევებზე ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული ხელისუფლების მიერ შემუშავებულ 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში.
2022 წელს, სამწუხაროდ, არ გამოსწორებულა ვითარება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. 2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შეასუსტა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები, ხოლო 2022 წელს კვლავ პრობლემურია მართლმსაჯულების სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობა - რომელიც უპირველესად გამოიხატა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად და სასამართლოებში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ე.წ. „კლანის“ წევრების ან „კლანთან“ დაახლოებული პირების დანიშვნით.
სასამართლოს დამოუკიდებლობის საგანგაშოდ დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი 2022 წელს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ასეთ შემთხვევებად მიიჩნევა კრიტიკული ტელეკომპანიების დამფუძნებლების, ნიკა გვარამიასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, ასევე სასამართლო განხილვის გაგრძელება ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა პატიმრობის განმავლობაში. სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული პრაქტიკის მხრივ, ასევე აღსანიშნავია საეჭვო და დისკრიმინაციული საკადრო ცვლილებები კულტურის სფეროში.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის პარალელურად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, 2022 წელს საქართველომ მიიღო არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არამედ სტატუსის წინაპირობების დამდგენი 12 მოთხოვნა. ხსენებული წინაპირობების შესასრულების არგუმენტით ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ისინი არასაკმარისია. კერძოდ, კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა სასამართლო რეფორმის სტრატეგიამ და სამოქმედო გეგმამ, „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა, სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნის შესახებ კანონპროექტმა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ევროკავშირის წინაპირობის შესრულების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის არასათანადოდ უზრუნველყოფამ.
ბოლოს, 2022 წლის მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა ორი ახალი ორგანო (სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები) 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებების როგორც შინაარსობრივი მხარე, ისე შემუშავებისა და მიღების პროცესი უარყოფითად შეაფასეს ადგილობრივმა და საერთაშორისო აქტორებმა.
ზემოაღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, 2022 წელს საქართველოში გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, მზარდია ავტორიტარიზმის ნიშნები. ეროვნული მდგომარეობის რეგრესს მიუთითებს ისიც, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, რომელიც დიდწილად ქვეყანაში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხსა და სტაბილური დემოკრატიის მაღალ სტანდარტზეა დამოკიდებული. ხსენებული უკუსვლა განსაკუთრებით საგანგაშოა მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგ ავტოკრატიის მზარდი ტენდენციის ფონზე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების თანხვედრა რუსულ ნარატივებთან. მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის მასშტაბური ცვლილების ფონზე, საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს, რათა საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობა იყოს უსაფრთხო, სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი დასავლური სამყაროს ნაწილი.